გადადი შიგთავსზე
SkyBit

დრონის ექსპლუატაცია საქართველოში

დრონის რეგისტრაცია ექვემდებარება ტექნიკა რომლის წონა იწყება 250 გრამიდან — ან გააჩნია კამერა, გამოცდა გახლავთ უფასო და ის ტარდება ონლაინ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მაქსიმალური სიმაღლე 120 მეტრი.

ინფორმაცია აღებულია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ოფიციალური გვერდიდან, დასტურისთვის გადაამოწმეთ წყაროები ან მოიძიეთ დამატებითი ინფორმაცია ინტერნეტში.

რა გეხება შენ

  • რეგისტრაცია არ ჭირდება

    250 გრამზე ნაკლები, კამერის გარეშე

    თუ დრონი 250 გრამზე მსუბუქია და არც კამერა აქვს და არც სენსორი, რომელიც პერსონალურ მონაცემებს იწერს — არ გჭირდება რეგისტრაცია და გამოცდა.

  • მხოლოდ რეგისტრაცია

    250 გრამზე ნაკლები, კამერით

    კამერა თავისთავად ავალდებულებს ოპერატორის რეგისტრაციას, წონის მიუხედავად. ეს ეხება ყველა whoop-ს, რომელსაც FPV კამერა აყენია. გამოცდა ამ წონაზე არ ბარდება.

  • რეგისტრაცია და გამოცდა

    250 გრამი ან მეტი

    ხუთდიუმიანი კვადი, ცინემატიკური დრონი, ნებისმიერი 250 გრამზე მძიმე აპარატი: ოპერატორის რეგისტრაცია და დისტანციური პილოტის ონლაინ გამოცდა.

01

რეგისტრაცია

პირველი ვრეგისტრირდებით როგორც ოპერატორი, რეგისტრაცია ძალიან მარტივია და მოითხოვს რამდენიმე წუთს.

  • სავალდებულოა, თუ მაქსიმალური ასაფრენი მასა 250 გრამი ან მეტია.
  • ასევე სავალდებულოა, თუ დრონს აქვს კამერა ან სენსორი, რომელსაც პერსონალური მონაცემების ჩაწერა შეუძლია — წონის მიუხედავად.
  • ხდება ონლაინ, uas.gov.ge-ზე. გეძლევა ოპერატორის ნომერი (Operator ID).
სად უნდა დავიტანო ნომერი დრონზე?

Operator ID მკაფიოდ, წასაკითხად და წარუშლელად უნდა იყოს დატანილი დრონის კორპუსზე ან ბატარეის ნაკვეთურში — რომ დაკარგვის ან ინციდენტის დროს მფლობელი იდენტიფიცირდეს.

ხელნაკეთი დრონი როგორ დავარეგისტრირო?

uas.gov.ge-ზე, შენს ანგარიშში, დრონი ემატება ხელით. თუ მოდელი ქარხნული დრონების ჩამონათვალში არ არის — ემატება როგორც ხელნაკეთი და ივსება საიტის მოთხოვნილი ველები.

EASA-ს ქვეყანაში რეგისტრირებული ვარ. ეყოფა?

არა. ევროკავშირის წევრ ქვეყანაში მიღებული ოპერატორის რეგისტრაცია საქართველოში არ მოქმედებს — და პირიქით, ქართული რეგისტრაცია მხოლოდ საქართველოში მოქმედებს.

უცხო ქვეყნის მოქალაქე ვარ.

ონლაინ პორტალი მხოლოდ იმ პირებისთვისაა, ვისაც საქართველოს პირადობის მოწმობა ან ბინადრობის ელექტრონული ბარათი აქვს. დანარჩენებმა პირადად უნდა მიაკითხონ სააგენტოს თბილისში (ორთაჭალა, I ხეივნის ქუჩის დასაწყისი): პასპორტი, აქტიური ქართული ნომერი სმს-ისთვის და წვდომა იმ ელფოსტაზე, რომელსაც რეგისტრაციისას გამოიყენებ. უფასოა და რამდენიმე წუთს გრძელდება.

02

თეორიული გამოცდა

გამოცდა ბარდება ტესტის სახით ონლაინ და ის მოიცავს თეორიულ საკითხებს, გამოცდა ბარდება იმავე პორტალზე სადაც ოპერატორი რეგისტრირდება.

  • საჭიროა მხოლოდ მაშინ, თუ დრონი 250 გრამზე მძიმეა.
  • მინიმალური ასაკი 16 წელი. ამ ასაკზე უმცროსს ფრენა შეუძლია მხოლოდ იმ პილოტის უშუალო მეთვალყურეობით, რომელიც თავად არის 16 წლის და აქვს შესაბამისი კომპეტენცია.
  • ეს კომპეტენციის სერტიფიკატია და არა პილოტის მოწმობა.
როგორია გამოცდა?

ონლაინ თეორიული ტესტი პასუხის ვარიანტებით, უფასოდ. A1 და A3 ქვეკატეგორიების გამოცდა 40 შეკითხვიანია, ჩაბარების ზღვარი 75 პროცენტი, სერტიფიკატი კი 5 წლის ვადით გაიცემა.

A2 ქვეკატეგორია რას ითხოვს დამატებით?

ხალხთან ახლოს ფრენა (A2) ითხოვს A3-ის პირობებში დამოუკიდებელ პრაქტიკულ ტრენინგს, მის დეკლარირებას და დამატებით თეორიულ გამოცდას — სულ მცირე 30 შეკითხვა, ძირითადი 40-შეკითხვიანის გარდა.

ქართული სერტიფიკატი ევროპაში იმუშავებს?

არა. ის მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედებს. ევროპისთვის სააგენტო თავად მიუთითებს ლუქსემბურგის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (DAC) უფასო ონლაინ კურსსა და ტესტზე — მისი გავლის შემდეგ გეძლევა ევროპული A1–A3 სერტიფიკატი, რომელიც EASA-ს წევრ ქვეყნებში მოქმედებს.

03

სამი კატეგორია

ექსპლუატაცია სამ კატეგორიად იყოფა რისკის მიხედვით. სამოყვარულო ფრენა თითქმის ყოველთვის პირველშია.

  • ღია — დაბალი რისკი, ნებართვის გარეშე, თუ ყველა პირობა სრულდება.
  • სპეციფიკური — როცა ღია კატეგორიის თუნდაც ერთი პირობა ირღვევა: საჭიროა სააგენტოს ავტორიზაცია ან დეკლარაცია.
  • სერტიფიცირებული — ხალხის თავშეყრის თავზე, ადამიანების ტრანსპორტირებისას ან სახიფათო ტვირთით.
ღია კატეგორიის პირობები, სრულად

დრონი მიეკუთვნება დადგენილ კლასს ან ხელნაკეთია და აკმაყოფილებს სააგენტოს წესებს; მაქსიმალური ასაფრენი მასა 25 კგ-ზე ნაკლებია; დრონი ხალხისგან უსაფრთხო მანძილზეა და არ დაფრინავს ხალხის თავშეყრის ადგილის თავზე; პილოტი ხომალდს ვიზუალური მხედველობის არეში აფრენს, გარდა „მომყევი რეჟიმისა“ და დამკვირვებლის გამოყენებისა; სიმაღლე ზედაპირიდან 120 მეტრს არ აღემატება, გარდა დაბრკოლების გადალახვისა; არ გადააქვს სახიფათო ტვირთი და არაფერს ყრის ჰაერიდან.

სპეციფიკური კატეგორია: ავტორიზაცია, დეკლარაცია, LUC

ზოგადი წესი — ავტორიზაცია სააგენტოსგან. თუ ოპერაცია სტანდარტულ სცენარს ერგება, ავტორიზაციის ნაცვლად დეკლარაციის წარდგენა კმარა. არც ერთი არ მოითხოვება, თუ ოპერატორს — და ეს მხოლოდ იურიდიული პირი შეიძლება იყოს — აქვს მსუბუქი უპილოტო სისტემის ექსპლუატანტის სერტიფიკატი (LUC) შესაბამისი პრივილეგიებით, ან თუ ფრენა ავტორიზებული მოდელ-ხომალდების ორგანიზაციის ფარგლებშია.

სპეციფიკური კატეგორიის განაცხადი რას შეიცავს

ოთხ რამეს: ოპერატორის სარეგისტრაციო ნომერს; იურიდიული პირის ხელმძღვანელის სახელს (ფიზიკური პირის შემთხვევაში — სახელსა და გვარს); ექსპლუატაციის რისკის შეფასებას; და შემარბილებელი ზომების ჩამონათვალს, რომლებიც ოპერატორმა შეიმუშავა. დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტი 2023 წელს ამ სიიდან ამოიღეს.

ჩანაწერები და ვის ევალება

ღია კატეგორიაში ფრენების ჟურნალის წარმოება არ მოითხოვება — არც სამოყვარულოდ და არც ფულისთვის. სპეციფიკურ კატეგორიაში კი ოპერატორი ვალდებულია აწარმოოს და სულ მცირე 3 წელი შეინახოს ოპერაციის ჩანაწერები.

SORA — რისკის შეფასება

სპეციფიკური ოპერაციის რისკის შეფასება ათი ნაბიჯისგან შედგება: ოპერაციის კონცეფციის აღწერა, სახმელეთო რისკის კლასი (GRC), საჰაერო რისკის კლასი (ARC), ტაქტიკური მიტიგაციის მოთხოვნები, რწმუნებისა და მთლიანობის დონეები, საექსპლუატაციო უსაფრთხოების მიზნები (OSO), მოსაზღვრე ტერიტორიის გათვალისწინება და საბოლოო უსაფრთხოების პორტფოლიო.

სერტიფიცირებული კატეგორია

დრონიც სერტიფიცირებულია და ოპერაციაც: ფრენა ხალხის თავშეყრის ადგილის თავზე, ადამიანების ტრანსპორტირება ან სახიფათო ტვირთის გადაზიდვა, რომელმაც სერიოზული ინციდენტის შემთხვევაში მესამე პირებს მაღალი რისკი შეიძლება შეუქმნას. აქვე ხვდება ყველა ის ოპერაცია, რომლის რისკსაც სააგენტო სერტიფიკაციის გარეშე ვერ ამცირებს.

04

A1, A2, A3 — სამი ქვეკატეგორია ღიაში

განსხვავება ერთადერთია: რამდენად ახლოს ხარ ხალხთან. მანძილები შეგიძლიათ იხილოთ ილუსტრაციებზე გვერდის ბოლოს.

  • A1 — ხალხის თავზე ფრენა: 250 გრამამდე (C0) დაშვებულია გარეშე პირების თავზე გადაფრენა, თავშეყრის ადგილის თავზე — არასდროს.
  • A2 — ხალხთან ახლოს, არანაკლებ 30 მეტრით დაშორებული; დაბალი სიჩქარის რეჟიმში 5 მეტრამდე.
  • A3 — ხალხისგან შორს, საცხოვრებელი, კომერციული, სამრეწველო და რეკრეაციული ზონებიდან არანაკლებ 150 მეტრით.
A1 — რა შემიძლია და რა არა

C0 კლასით („არა მონაწილე პირების“ თავზე გადაფრენა დაშვებულია, ხალხის თავშეყრის თავზე — არასდროს). C1 კლასით — თავშეყრის თავზე ფრენა აკრძალულია და გარეშე პირების თავზე გადაფრენა მინიმუმამდე უნდა შემცირდეს. „მომყევი რეჟიმი“ — პილოტიდან 50 მეტრამდე. C1-ისთვის საჭიროა ონლაინ თეორიული გამოცდა.

A2 — 30 მეტრი, ან 5

დრონი არ გადაუფრენს გარეშე პირებს და ინარჩუნებს მათგან სულ მცირე 30 მეტრის ჰორიზონტალურ მანძილს. ეს მანძილი 5 მეტრამდე მცირდება, თუ ჩართულია დაბალი სიჩქარის რეჟიმი და გათვალისწინებულია ამინდი, დრონის მახასიათებლები და საფრენი არის სეგრეგაცია. საჭიროა C2 კლასის დრონი აქტიური პირდაპირი დისტანციური იდენტიფიკაციითა და გეოინფორმირებით.

A3 — 150 მეტრი ზონებიდან

ფრენა ისეთ ადგილას, სადაც გარეშე პირს საფრთხე არ შეექმნება, საცხოვრებელი, კომერციული, სამრეწველო ან რეკრეაციული ზონებიდან არანაკლებ 150 მეტრში. დრონი — 25 კგ-მდე, ან C2/C3/C4 (და ზემოთ) კლასით მარკირებული. საჭიროა იგივე თეორიული გამოცდა, რაც A1-ში.

05

სად და როდის

სიმაღლე, აეროპორტები, კერძო საკუთრება და ღამე — ოთხი კითხვა, რომელიც ყოველი ფრენისთვის აუცილებლად გასათვალისწინებელია.

  • მაქსიმალური სიმაღლე ღია კატეგორიაში — 120 მეტრი მიწის ზედაპირიდან.
  • აეროპორტის სიახლოვეს ღია კატეგორიით ფრენა შესაძლებელია აეროდრომის ოპერატორთან წინასწარი შეთანხმებით.
  • ღამით ფრენა დაშვებულია, თუ დრონს მწვანე და წითელი ციმციმა მაშუქი აქვს.
კერძო საკუთრების თავზე?

ღია კატეგორიაში დაშვებულია, თუ დაცულია კატეგორიის პირობები და პერსონალურ მონაცემთა დაცვის მოთხოვნები. კერძო ტერიტორიაზე ფრენისა და გადაღებისთვის საჭიროა მესაკუთრის წინასწარი თანხმობა — ოპერატორი ვალდებულია მესამე პირების უფლებები არ დაარღვიოს.

აეროპორტთან უფრო ახლოს რა ხდება?

სპეციფიკური კატეგორიის ოპერაციას აეროპორტის მახლობლად სააგენტოს დამატებითი ნებართვა სჭირდება. ღია კატეგორიაშიც აეროდრომის ოპერატორთან შეთანხმება წინასწარია და არა ფრენის შემდეგ.

რეკრეაციული ფრენა ნებართვას საჭიროებს?

არა. სამოყვარულო ფრენა ღია კატეგორიაში დაშვებულია, თუ კატეგორიის პირობები სრულდება.

უცხოელი ოპერატორი?

დაშვებულია. იგივე წესები ვრცელდება: რეგისტრაცია სავალდებულოა და მოთხოვნები იგივეა.

06

სათვალე, შეკეთება და სამუშაო ფრენები

სამი თემა, რომელზეც ყველაზე მეტი არასწორი ინფორმაცია არის გავრცელებული საზოგადოებაში.

  • FPV სათვალე ლეგალურია დამკვირვებელთან ერთად.
  • შეკეთება — მხოლოდ ორიგინალი ნაწილებით და ქარხნული ინსტრუქციით.
  • აგრო სამუშაოები და ფასადების რეცხვა — გაზრდილი რისკი, სააგენტოს ნებართვა.
რატომ არის სათვალე ლეგალური

ღია კატეგორიის პირობა ამბობს, რომ პილოტი ხომალდს ვიზუალური მხედველობის არეში აფრენს, გარდა „მომყევი რეჟიმისა“ და გარდა იმ შემთხვევისა, როცა იყენებს დამკვირვებელს. დამკვირვებელი გვერდით მდგომი ადამიანია, რომელიც დრონს თავისი თვალით ხედავს და შენთან ლაპარაკობს. ეს ის ადამიანია, ვისთან ერთადაც FPV პილოტი ისედაც დაფრინავს.

მოდიფიკაცია — რა იკრძალება

დრონის კონსტრუქციაში თვითნებური, არაქარხნული ცვლილებების შეტანა აკრძალულია: ყოველი მოდიფიკაცია ცვლის მასას, მანევრირებასა და უსაფრთხოების მახასიათებლებს. დრონი მუდმივად უნდა შეესაბამებოდეს მწარმოებლის განსაზღვრულ კლასსა და წონას.

სამუშაო ფრენები, რომლებსაც ნებართვა სჭირდება

აგრო სამუშაოები — დამტვერვა, შეწამვლა, ტვირთის დაკიდებით ფრენა — გაზრდილი რისკის ოპერაციებია და სააგენტოს ნებართვას საჭიროებს. იგივე ეხება შენობების ფასადების დრონით წმენდა-მორეცხვას.

07

ზოგადი მოთხოვნები

რამდენიმე წესი კატეგორიის მიუხედავად ყველა ფრენაზე ვრცელდება.

  • ფრენა უნდა შეწყვიტო, თუ ის საფრთხეს უქმნის სხვა საჰაერო ხომალდს, ადამიანს, გარემოს ან ქონებას.
  • დრონი ვიზუალურ ხედვაში უნდა გეჭიროს და გარშემო საჰაერო სივრცეს თვალი ადევნო, რომ პილოტირებად ხომალდთან შეჯახების რისკი არ შეიქმნას.
  • ნებისმიერი საშიში მოვლენის შესახებ სააგენტოს ატყობინებ დაუყოვნებლივ, არაუგვიანეს 72 საათისა.
დრონით ადამიანის გადაყვანა

ეს სერტიფიცირებული კატეგორიის ოპერაციაა: ღია ან სპეციფიკური კატეგორიით არ სრულდება. იგივე ეხება საერთაშორისო ფრენას.

საზღვრის გადაკვეთა და ღია ზღვა

დრონმა სხვა სახელმწიფოს ტერიტორია არ უნდა გადაკვეთოს იმ ქვეყნის ნებართვის გარეშე — განაცხადი ფრენამდე სულ მცირე 7 დღით ადრე ხდება. ღია ზღვის თავზე ფრენა საჰაერო მოძრაობის სამსახურთან წინასწარ შეთანხმებას მოითხოვს.

ერთი პილოტი, რამდენიმე დრონი

სტანდარტულ სცენარებში (STS-01 და STS-02) პილოტი ერთდროულად მხოლოდ ერთ უპილოტო ხომალდს მართავს.

მანძილები, ერთ სქემაზე

ღია კატეგორიის სამი ქვეკატეგორია. ციფრები ჰორიზონტალური მანძილებია.

120 მ — მაქსიმალური სიმაღლეA1 — გადაფრენა მხოლოდ C0-ითA2 — 30 მ, დაბალი სიჩქარის რეჟიმში 5 მგარეშე პირებიA3 — 150 მ ზონებიდანსაცხოვრებელი ზონა

C კლასები

ქარხნული მარკირება დრონზე. ის განსაზღვრავს, რომელ ქვეკატეგორიაში შეგიძლია ფრენა. წესში C5 და C6 კლასებიც არის — ისინი A3-სა და სპეციფიკურ კატეგორიაში გამოიყენება.

კლასიმასარას ნიშნავს
C0250 გ-მდე19 მ/წმ-მდე, 120 მ სიმაღლის ზღვარი. A1 — გარეშე პირების თავზე გადაფრენა დაშვებულია, თავშეყრის თავზე არა.
C1900 გ-მდედარტყმის ენერგია 80 ჯოულამდე, პირდაპირი დისტანციური იდენტიფიკაცია, გეოინფორმირება და სანათები. A1 — გამოცდით.
C24 კგ-მდედაბალი სიჩქარის რეჟიმი, იდენტიფიკაცია და გეოინფორმირება. A2 — 30 მეტრიდან.
C325 კგ-მდედიდი აპარატები. მხოლოდ A3 — ხალხისგან შორს.
C425 კგ-მდეავტომატური რეჟიმების გარეშე, კლასიკური მოდელი-ხომალდები. მხოლოდ A3.

ხშირად დასმული კითხვები

პასუხები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ოფიციალური კითხვა-პასუხიდან.

საჭიროა თუ არა დრონის რეგისტრაცია?

სავალდებულოა, თუ სრულდება ერთ-ერთი: მაქსიმალური ასაფრენი მასა 250 გრამი ან მეტია, ან დრონი აღჭურვილია კამერით ან სხვა სენსორით, რომელსაც პერსონალური მონაცემების დაფიქსირება შეუძლია.

250 გრამზე ნაკლები დრონიც რეგისტრირდება?

დიახ, თუ კამერა ან სენსორი აქვს. თუ არცერთი და მასაც 250 გრამზე ნაკლებია — რეგისტრაცია არ არის სავალდებულო.

გამოცდა 250 გრამზე ნაკლებისთვის?

არა. კომპეტენციის ტესტი მხოლოდ მაშინაა საჭირო, თუ დრონის მაქსიმალური ასაფრენი მასა 250 გრამზე მეტია.

რა ასაკიდან შეიძლება დრონის დამოუკიდებლად მართვა?

ღია კატეგორიის დისტანციური პილოტი უნდა იყოს მინიმუმ 16 წლის — ან ნაკლები, თუ დრონი სათამაშოა ან ფრენა უფროსის მეთვალყურეობით ხდება.

ნებადართულია თუ არა ღამით ფრენა?

დიახ, ღია კატეგორიაში, თუ დრონი აღჭურვილია მწვანე და წითელი ციმციმა მაშუქით — რომ პილოტმაც და სხვა საჰაერო ხომალდებმაც სიბნელეში შეამჩნიონ.

რა არის მაქსიმალური დასაშვები სიმაღლე?

ღია კატეგორიაში — 120 მეტრი მიწის ზედაპირიდან.

შეიძლება თუ არა აეროპორტთან ახლოს ფრენა?

ღია კატეგორიით — აეროდრომის ოპერატორთან წინასწარი შეთანხმების შემდეგ. სპეციფიკური კატეგორიის ოპერაციას აეროპორტის მახლობლად სააგენტოს დამატებითი ნებართვა სჭირდება.

კერძო საკუთრების თავზე ფრენა?

ღია კატეგორიაში დაშვებულია, თუ დაცულია კატეგორიის პირობები და პერსონალურ მონაცემთა დაცვის მოთხოვნები. გადაღებისთვის საჭიროა მესაკუთრის წინასწარი თანხმობა.

მოქმედებს თუ არა ქართული სერტიფიკატი ევროპაში?

არა. ქართული სერტიფიკატი და რეგისტრაცია მხოლოდ საქართველოში მოქმედებს, ევროპული კი — EASA-ს წევრ ქვეყნებში.

რეგისტრაციის ნომერი სად უნდა იყოს?

დრონის კორპუსზე ან ელემენტის ნაკვეთურში, მკაფიოდ და წარუშლელად, რომ დაკარგვის ან ინციდენტის დროს მფლობელი იდენტიფიცირდეს.

დრონი გამექცა ან ინციდენტი მოხდა — ვის ვატყობინებ?

სააგენტოს, დაუყოვნებლივ და ნებისმიერ შემთხვევაში 72 საათის განმავლობაში, თუ მომხდარმა საფრთხე შეუქმნა ან შეეძლო შეექმნა საჰაერო მოძრაობას ან ადამიანებისა და ქონების უსაფრთხოებას. უკონტროლოდ გაფრენილი დრონი ჩვეულებრივ სწორედ ასეთი შემთხვევაა.

შეიძლება თუ არა დრონის შეკეთება ან გადაკეთება?

შეკეთება — მხოლოდ ავტორიზებული ან ორიგინალი ნაწილებით, ქარხნული ინსტრუქციით. თვითნებური მოდიფიკაცია აკრძალულია: დრონი უნდა შეესაბამებოდეს ქარხნულ კლასსა და წონას.

რა ნებართვაა საჭირო აგრო-დრონისთვის?

აგრო სამუშაოები გაზრდილი რისკის ოპერაციებია — დამტვერვა, შეწამვლა, ტვირთის დაკიდება — და სააგენტოს ნებართვას საჭიროებს. იგივე ეხება ფასადების წმენდას დრონით.

2021 წლამდე მოქმედი წესები

ღია კატეგორია
  • მაქსიმალური ასაფრენი მასა არ აღემატება 25 კილოგრამს.
  • ექსპლუატაციის სიმაღლე არ აღემატება 400 ფუტს (122 მეტრს) მიწის ზედაპირიდან.
  • ექსპლუატაცია ხორციელდება არაუმეტეს 54 კმ/სთ (15 მ/წმ) სიჩქარისა.
  • ექსპლუატაცია ხორციელდება პირდაპირი ხედვის არეში.
  • ექსპლუატაცია ხორციელდება აეროდრომებიდან არანაკლებ 6 კილომეტრის დაშორებით.
  • პირისგან ან პირთა ჯგუფისგან ჰორიზონტალურად არანაკლებ 50 მეტრი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი ასრულებენ ექსპლუატანტის მითითებებს და იმყოფებიან მის მეთვალყურეობის ქვეშ.
  • საავტომობილო ან სარკინიგზო გზების თავზე და მათ გასწვრივ არანაკლებ 50 მეტრი.
  • შენობა-ნაგებობიდან ჰორიზონტალურად არანაკლებ 50 მეტრი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ექსპლუატანტი მესაკუთრეა ან მესაკუთრის თანხმობა აქვს.
  • მაკომპლექტებელი ნაწილები ქარხნული წარმოებისაა და არ არის მოდიფიცირებული.
  • არ ხორციელდება საგნების გადმოყრა, ნივთიერებების გაშხეფვა, საგნებისა და სახიფათო ტვირთის გადატანა და ბუქსირება.
  • არ ხორციელდება საჰაერო და საპილოტაჟო ჩვენება.
  • 14 წელს მიუღწეველი პირი ფრინავს სრულწლოვანი პირის ზედამხედველობის ქვეშ.
სპეციფიკური კატეგორია
  • ექსპლუატაცია დაუშვებელი იყო სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე: პირველადი თანხმობა 1 წლამდე ვადით გაიცემოდა, ყოველი მომდევნო — 2 წლამდე.
  • განაცხადი.
  • ინფორმაცია უპილოტო საჰაერო სისტემაზე: საექსპლუატაციო მახასიათებლები, ტექნიკური შესაძლებლობები, საავარიო ვითარებისა და გაუმართაობის პროცედურები, საფრთხის შეფასება.
  • ფრენისთვის განკუთვნილი არის გეოგრაფიული კოორდინატები და ფრენის სიმაღლეები.
  • მწარმოებლის ფრენების შესრულების ინსტრუქციის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
  • უპილოტო საჰაერო ხომალდის რეგისტრაციის მოწმობის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
  • ფრენების წარმოების სახელმძღვანელო და საბორტო ჟურნალი.
  • 25 კგ-ზე მეტი მასის ხომალდისთვის — ტექნიკური მომსახურების რეგლამენტი.
  • საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.
  • იურიდიული პირის შემთხვევაში — ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან და ორგანიზაციული სტრუქტურა პასუხისმგებელი პირებით.
  • იმ პირების ჯანმრთელობის ცნობა, რომლებმაც ექსპლუატაცია უნდა განახორციელონ.
რეგისტრაცია
  • რეგისტრაციას ექვემდებარებოდა ხომალდი, რომლის მაქსიმალური ასაფრენი მასა 5 კილოგრამს აღემატებოდა.
  • რეგისტრირდებოდა იურიდიულ პირზე ან ფიზიკურ პირზე, რომელსაც შეუსრულდა 16 წელი.
  • რეგისტრაცია ხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ ხომალდი სხვა სახელმწიფოს რეესტრში რეგისტრირებული არ იყო.
  • მოწმობა უვადო იყო; სააგენტოს შეეძლო ხომალდის არსებობის დადასტურება ყოველ 2 წელიწადში ერთხელ მოეთხოვა.
  • ხომალდს ენიჭებოდა ამოსაცნობი 5-ციფრიანი ნიშანი.
  • მოწმობისთვის წარედგინებოდა: განაცხადი; საფასურის გადახდის დოკუმენტი; პირადობის მოწმობის ასლი ფიზიკური პირისთვის; ტექნიკური და საფრენოსნო მახასიათებლების ამსახველი დოკუმენტები.

ინფორმაცია აღებულია:

გადამოწმებულია gcaa.ge-ისა და uas.gov.ge-ის ოფიციალურ ტექსტებთან, 2026 წლის სექტემბერში.